среда, 24 декабря 2008 г.


* * *
ფილმები, რომლებიც ომზე იყო, არასოდეს მომწონდა. არ მომწონდა, რომ იხოცებოდა ხალხი და ირგვლივ ყველაფერი ნადგურდებოდა. მაგრამ ეს მოგონილი ამბავი მეგონა. მე და ჩემი ძმა სოფელში რომ მივდიოდით თან სათამაშო ავტომატები მიგვქონდა და ომობანას ვთამაშობდით.
მე ომი თამაში მეგონა!

აგვისტოში მე ვნახე ნამდვილი ომი. ჩემი თვალით ვნახე როგორ დაიბომბა ჩემი ქალაქი, დაინგრა და დაიწვა შენობები, დაიხოცა ხალხი. მე ვნახე ქალი, რომელმაც მკვდარი შვილის დაკრძალვაც ვერ მოასწრო, ისე დაატოვებინეს სახლი.
შემჯავრდა ტელევიზორი, საიდანაც მხოლოდ ცუდ ამბებს ვიგებდი. დღემდე მეშინია ცაში თვითმფრინავის გამოჩენის, ყველა ბომბდამშენი მგონია.
ეს ზაფხული ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელ მოგონებად დარჩება!
დათო ოქროპირიძე


* * *

რუსებსა და ქართველებს შორის გაიმართა უთანასწორო ომი. რუსები რიცხობრივად ბევრად აღემატებოდნენ ქართველებს,მაგრამ ჩვენმა ჯარისკაცებმა მამაცურად და გმირულად იბრძოლეს. მათ ავიაცია რომ არ გამოეყენებინათ ჩვენი ჯარი როკის გვირაბამდე მივიდოდა. მტრის ავიაციამ დაბომბა გორი და მის ახლო მდებარე სოფლები.
თბილისშიც ჩამოაგდეს რამდენიმე ბომბი. ამ ომს შეეწირა ძალიან ბევრი ხალხი, როგორც ჯარისკაცები, ასევე მოსახლეობა. რუსებმა წაგვართვეს ტერიტორიები!

ლაშა წკრიალაშვილი


* * *

ომზე ფილმების ყურება ძალიან მიყვარდა. მომწონდა იარაღასხმული მეომრების ბრძოლა, სადაც ძალიან ადვილად იმარჯვებდნენ მტერზე. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად ყოფილა. უფრო საზარელი და შემზარავია ომი, როდესაც შენ თვალწინ იბომბება ქალაქი და იხოცება უდანაშაულო ხალხი.
მე არ მინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ომი ოდესმე განმეორდეს! რა გვაქვს გასაყოფი?!
ეს ვეებერთელა დედამიწა ხომ ყველას გვეყოფა.!!!!

გურიკა დგებუაძე


* * *

ზაფხულის არდადეგები გავატარე გერმანიის ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში - ბავარიაში, ბიძასთან და ბიძაშვილებთან ერთად. ხშირად ვუყურებდი საბავშვო ფილმებს ტელევიზორში. შემთხვევით ქართულ არხზე დავინახე როგორ იბომბებოდა ჩემი ქალაქი, როგორ გარბოდა სასოწარკვეთილი ხალხი, როგორ იწვოდა სახლები, მინდვრები, ტყეები.
ქართველმა ემიგრანტებმა ბავარიაში მოაწყვეს აქცია, "ცოცხალი ჯაჭვი", რუსეთის წინააღმდეგ წარწერით - “გავიდნენ ოკუპანტები საქართველოდან”. მხარდაჭერის მიზნით გერმანელებიც გერდით დაგვიდგნენ.

მანანა რუსიტაშვილი


* * *
წარმომიდგენია, რა საშინელება იქნებოდა იმ ბავშვებისათვის ვინც საკუთარი ქალაქის თუ სოფლის დაბომბვა ნახა. მე, პირადად არ შევსწრებივარ, მაგრამ არანაკლებ განვიცადე და ვინერვიულე. ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები გორში იმყოფებოდნენ. მოუთმენლად ველოდი ტელევიზიიდან ახალ ამბებს.
განსაკუთრებით განვიცადე, როცა მოვისმინე ტელევიზიით ინფორმაცია მე-3 სკოლის გაქურდვის შესახებ. მაშინ წარმოვიდგინე, რომ კლასში აღარ დაგვხვდებოდა ნახატები, რვეულები, ნაშრომები, მერხები. შემდეგ გავიგეთ, რომ ყველაფერი ხელუხლებელი იყო.
ბორჯომი მართალია გადაურჩა დაბომბვასა და ტანკების შემოსვლას, მაგრამ მისი ულამაზესი ტყე მაინც გადაწვეს. განადგურდა ბევრი ისეთი მცენარე რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი.
ერთ დღეს ბორჯომი პანიკამ მოიცვა, ციდან ცვიოდა დამწვარი წიწვები, მზე კვამლში გაეხვია, სუნთქვა გაჭირდა. დედამ მე და ჩემი დაიკო ეკლესიაში წაგვიყვანა. მეუფე ანდრიამ სპეციალური ლოცვა წაგვიკითხა. ლოცვის დამთავრებისთანავე, მოწმენდილ ცაზე ღრუბელი გაჩნდა, დაიქუხა და წვიმა წამოვიდა. ჰაერი გაიწმინდა. ეს ისეთი სასწაული იყო, რომ ცხოვრებაში არ დამავიწყდება.
ღმერთმა ქნას, ეს იყოს უკანასკნელი ომი. რომ აღარასოდეს დაობლდნენ ბავშვები, არ დაიწვას სახლები, არ დაინგრეს სკოლები. მე მინდა გავამხნევო უსახლკაროდ დარჩენილი ჩემი თანატოლები - მთავარია რწმენა.
რწმენამ და ქართველი ერის ლოცვამ, რომელიც ომის დღეებში ყველა ეკლესიაში მიმდინარეობდა, გადაარჩინა საქართველო განადგურებისაგან.

ანა მოციქულაშვილი


* * *

საშინელებაა ომი. ომის დროს ბორჯომში ვიყავი. ძალიან მენატრებოდა გორი. ყოველ კვირა ეკლესიაში დავდიოდი, მინდოდა რომ მშვიდობა ყოფილიყო, მაგრამ ამაოდ ... ყოველ დღე რაღაცას ბომბავდნენ. ერთ დღეს ავიღე ჯვარი და ცხარე ცრემლით ავტირდი, ღმერთს ვეხვეწებოდი, რომ გადაერჩინა ჩემი ქალაქი. ისევ შევხვედროდი ჩემს მეგობრებს და ახლობლებს. მჯეროდა, რომ დედა ღვთისმშობელი დაიცავდა და გადაარჩენდა ჩვენს ქვეყანას!
“იცოცხლე და იდღეგრძელე ჩემი ერის იმედო და ნათელო მომავალო, იცოცხლე და იდღეგრძელე, ჩემი ერის ხვალინდელო დღევ. დაუშრეტელ მდინარედ იდინე, ბედნიერებავ ჩვენს ქვეყააში, არ მოუშალო გონიერი ერისკაცი და მწყემსი საქართველოს. ნატვრისთვალი დაუდე ახალი წლის ღამით სასთუმალს ყველა მშრომელს, რათა დილით ადგეს, ნახოს და მამულის უკვდავება ინატროს! მიიღე მამულო ეს ლოცვა!”

ლიკა დემურიშვილი


* * *

ეს ყველაფერი, ეს რუსები, ეს ომი, მეგონა რომ საშინელი კოშმარი იყო, მაგრამ ეს არც კოშმარია და არც სიზმარი. ყველაფერი რეალობაში მოხდა, ბომბებს მართლა ყრიდნენ, სახლებს მართლა წვავდნენ და მართლა კლავდნენ ხალხს. ყველამ დაკარგა ნათესავი, ბევრი დამწუხრდა, მაგრამ როგორც ზღაპარში ყველაფერი კარგად დამთავრდება!

მარიამ პატარაშვილი


* * *

მე ვხედავდი ქართულ ჯავშანტექნიკას და უმწეო ახალბედა ბიჭებს, რომელთაც არც ომის გამოცდილება ჰქონდათ და არც მზად იყვნენ ომისათვის.
ტელევიზორში რომ მოვისმინე მესამე სკოლაში რუსის ჯარი შევიდაო, წარმოვიდგინე როგორ ისხდნენ რუსები ჩვენს მერხებზე. მეგონა გორში ვეღარ დავბრუნდებოდი და ვეღარ ვნახავდი კლასელებს, მაგრამ იმედს არ ვკარგავდი რომ გორში დავბრუნდებოდი და ბედნიერად ვიცხოვრებდი.

სანდრო მარანელი


* * *

მე ჩემი თვალით დავინახე ომი!

ქეთი ლომიძე


* * *

ჩემი თვალით დავინახე როგორ ბომბავდნენ ჩემ საქართველოს: გორს, კარალეთს, ტყვიავს.

გურიკა დგებუაძე

* * *

პირველი ბომბი რომ ჩამოაგდეს გარეთ ვიყავი, გავიგე დიდი ხმა და ისტრიბიწელმა გადაიფრინა. მესმოდა როგორ იმსხვრეოდა მინები, როგორ ყვიროდნენ, როგორ გარბოდა ხალხი.

ნიკა მარნიშვილი

* * *

ჩვენ როცა ხიდისთავში მივდიოდით ხიდზე კაცი პატარა ბავშვით და პარკებით გარბოდა.

ნინო ნადირაშვილი

* * *

მე მეგონ პაპაჩემი და მამაჩემი დაიღუპნენ და ვეღარ ვნახავ მეთქი.

სალომე მიხანაშვილი

* * *

მე მჯერა რომ ბავშვები აღარასოდეს გამოვცდით ომის საშინელებას.


ანანო სამხარაძე


* * *

მე ძალიან მინდა ომი მალე დამთავრდეს. არ მინდა სახლები დაინგრეს და ხალხი გარეთ დარჩეს. გორში ბევრი სახლი დაინგრა, მათ შორის ბიცოლაჩემის. ძალიან მინდა, რომ ქალაქი მალე განაღმონ, რომ რომელიმე ჩვენთაგანი არ დაიღუპოს.
ჩვენ ბავშვებს გვინდა მშვიდობა!

გვანცა ხორგუაშვილი

* * *

ეს ომი საშინელი სიზმარივით იყო. სიზმარივით, რომელიც ჩემი საკუთარი თვალით ვნახე. ეს ყველაფერი სინამდვილეში მოხდა. აღარ მინდა იმის გახსენება, თუ როგორ ბომბავდნენ ჩემს მშობლიურ ქალაქს, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მხოლოდ მაშინ მივხვდი რას ნიშნავს ომი როცა ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა. მოხდა როგორც ცუდი ზღაპარი. მაგრამ ეს ყველაფერი დამთავრდა და ომს აღარ ვნახავთ.

ქეთი ლომიძე




* * *

ის რაც 8 აგვისტოს მოხდა ვერავი წარმოიდგენდა. რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს ჩვენი ქალაქი და ახლომდებარე სოფლები. დაიღუპა ბევრი ადამიანი, ბევრმა ჩემმა თანატოლმა დაკარგა მშობლები, ზოგი კი თვითონაც დაიჭრა.
მე როდესაც ამ ყველაფერს ვისმენდი და ვიგებდი, მიუხედავად იმისა, რომ აქ არ ვიყავი, ძალიან განვიცდიდი. რადგან ეს ყველაფერი ხდებოდა იმ ქალაქში სადაც მე გავიზარდე, მყავს უამრავი მეგობარი და საყვარელი ადამიანები.
შეუძლებელი იყო გულთან ახლოს არ მიგეტანა ის რაც გორში ხდებოდა. ვფიქრობდი ნეტავ თუ კიდევ დავბრუნდები ჩემს სახლში, ვნახავ მეგობრებს. მე და დედიკო ყოველდღე დავდიოდით სამებაში და ღმერთს ვეხვეწებოდით, რომ ის საშინელი დღეები მალე დამთავრებულიყო. უფალმა ამისრულა კიდეც ვედრება!

თიკა მეზვრიშვილი


* * *

ყველაზე ძალიან მაშინ შემეშინდა როცა გავიგე კომბინატის დასახლება აღარ არსებობსო, რადგა კომბინატში ჩემი სახლია. სახლში მამა და ბებია იყვნენ!

გიორგი ხმალაძე


* * *

როდის გათენდება ბედნიერი დღე და როდის გამოჩნდება ცისარტყელა ლამაზ ფერებში.მე მინდა რომ საქართველოში მშვიდობა იყოს.
გამაგრდი საქართველო და ჩვენ ვერავინ დაგვამარცხებს!


ქეთი ხმიადაშვილი

* * *

მე მინდა საქართველოდან გავიდნენ რუსები და იყოს ჩემს სამშობლოში მშვიდობა. ულამაზესი ცისარტყელას ფერები იყოს საქართველოს მხარეში.
და ეს ცისარტყელა იყოს ჩვენს სამშობლოში მშვიდობის მოსვლის ნიშანი!

გიორგი ხითარიშვილი


* * *


წაღვერში ვიყავი როცა ბომბები ჩამოყარეს და ხანძარი გაჩნდა ტყეში. გორისკენ გზა ჩაიკეტა და მთებში ვიარეთ 9 საათი.
მე ძალიან მატკინა ომმა გული და არ მინდა განმეორდეს!


დათო ტატიშვილი


* * *

მე დავინახე როგორ შემოფრინდა ქალაქ გორში სუ-22 მარკის ბომბდამშენი, დაბომბა გორი და გორის რაიონი. მოსახლეობის ნაწილმა დატოვა ქალაქი.

ლევან ნადირაძე


* * *

მოუთმენლად ველოდი სასწავლო წლის დაწყებას. საშინელი არდადეგების შემდეგ მენატრებოდა ჩემი მოსწავლეების ნახვა. ვიცოდი, რომ იყვნენ ჯანმრთელად და კარგად. მაგრამ მინდოდა ჩემი თვალით მენახა ყველა, მოვფერებოდი, დამემშვიდებინა, დამეწყნარებინა თითოეული მათგანი. რამდენიმე მათგანს სოფელი გადაუწვეს და დაუნგრიეს.
სკოლაში დაბრუნების შემდეგ მასწავლებლებმა გავიარეთ უამრავი ტრენინგი ფსიქოლოგებთან, როგორ დავხმარებოთდით ომგამოვლილ ბავშვებს.
დავალებებს, ხელოვნებასა თუ ქართულ ენაში, იწყებდნენ და ამთავრდებდნენ ომით, წერდნენ და ხატავდნენ ომის საშინელებას.
მოსწავლეების თხოვნით დავიწყეთ ყველა იმ ნივთისა და ტანსაცმლის შეგროვება, რომელიც ჩვენი აზრით ესაჭიროებოდათ დევნილებს. შეგროვდა ნობათი. ბავშვებთან ერთად წავედით კერძო სკოლა “ინტელექტის” შენობაში ჩასახლებული დევნილების მოსანახულებლად. ჩვენმა მისვლამ იქ დიდი ხმაური გამოიწვია. გადავიღეთ სურათები და დავუტოვეთ დიდი სითბო.
რამოდენიმე დღის შემდეგ გორის კულტურისა და დასვენების პარკში გაშლილ კარვების ქალაქს მივაკითხეთ. იქაც ხელდამშვენებული მივედით. მივედით იმ დროს, როცა ამერიკული ორგანიზაცია Mercy Corps დამარებას ანაწილებდა. ამ ორგანიზაციის მუშაობას საკმაოდ კარგად ვიცნობდი. ერთი თვის მანძილზე, მეც მათთან ერთად ვმუშაობდი მოხალისედ, ვარიგებდი ჰუმანიტარულ ტვირთს დასვენების დღეების გარეშე, დღისით თუ ღამით, წვიმასა თუ მზეში. ვცდილობდით რაღაცით მაინც შეგვემსუბუქებინა მათი გაუსაძლისი ყოფა.
დავუტოვეთ ნობათი და შემდეგ შემოვიარეთ კარვების ქალაქი, ჩვენი ყურადღება მიიპყრო Mercy Corps წარმომადგენელმა, რომელიც ფოტოსურთებს იღებდა. გაგვაოგნა ნანახმა და ვთხოვეთ ეს სურათები ჩვენთვისაც გამოეგზავნა.
. . . და ბოლოს . . .
ჩემს მოსწავლეებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს მინდა ვუსურვო ბედნიერი 2009 წელი. მშვიდობიანი ალიონი ტყვიის ზუზუნისა და ომის მოლოდინის გარეშე ცვლიდეს მთვარიან ღამეს. ბავშვებს კი “ძილი ნებისა” ვერ დაურღვიოს დუშმანმა. აღარასოდეს განმეორდეს აგვისტოს კოშმარი ჩვენს ქვეყანაში. ერთობა, გამძლეობა და ჯანმრთელობა ქართველ ერს.
აღორძინდი, გაბრწყინდი და იდღეგრძელე, ჩემო საქართველო, მრავალჟამიერ!

ქეთევან გორგიშელი

Обо мне

Моя фотография
გორი N3 საჯარო სკოლა 599204230 8370272113

Архив блога